მეორე ენის სწავლა/სწავლება
მულტილინგვური განათლების
კონტექსტში


კონფერენციის აღწერილობა:


მეორე ენის სწავლება და მულტიკულტურული ასპექტების კვლევა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, შესწავლილია არაერთი ქვეყნის გამოცდილება, გამოკვეთილია აქტუალური საკითხები და ჯერ კიდევ გადასაჭრელი პრობლემები. მულტილინგვური განათლების მიდგომები განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წელზე მეტია გასული, ენობრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ კვლავ მძიმეა და სერიოზული რეფორმების განხორციელება დგას დღის წესრიგში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის ამაღლება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად  დასახლებულ  რეგიონებში.

2006 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მთელი რიგი პროექტების განხორციელება რეგიონებში ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები უმაღლესი სასწავლებლები, არასამთავრობო სექტორი, სამეცნიერო ინსტიტუციები. უცხოელ ექსპერტთა ჩართულობით მუშავდებოდა სწავლების სტრატეგიები, ხერხები და მეთოდები.

2010 წლიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდა ქართულ ენაში მომზადების პროგრამები, რომელთა მიზანიც უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტების მხარდაჭერაა, რათა მათ შეძლონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებული ხარვეზების დაძლევა (სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების თვალსაზრისით) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართულ ენაზე განათლების მიღება.

მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ერთიანი ხედვის, მიდგომის შემუშავების რთული პროცესი, რაც საგანმანათლებლო სისტემის ყველა დონეზე (სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი...) მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

ენის სწავლება, მით უფრო, ისეთ რთულ რეგიონებში, როგორებიც სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლია, მრავალ სპეციფიკურ ფაქტორს მოიცავს. ქართულენოვანი გარემოს არარსებობა და პოსტსაბჭოური დანატოვარი (იგულისხმება ხალხთაშორის ურთიერთობის ინსტრუმენტად რუსული ენის დომინირება) მოითხოვდა ახლებური, არასტანდარტული სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც დასავლურ ქვეყნებში უკვე აპრობირებულია და ეფექტურად მუშაობს.

ევროპისა და ამერიკის  მთელ რიგ ქვეყნებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მულტილინგვური განათლება (Multilingual education)  - განათლება, რომლის დროსაც სწავლების ენად გამოიყენება რამდენიმე ენა: მშობლიური (პირველი) და არამშობლიური (მეორე, მესამე...). ამდენად, მულტილინგვური განათლება არის კომპლექსური სისტემა, რომელიც მრავალ განსხვავებულ ასპექტს მოიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ მულტილინგვური განათლების პრინციპებისა და მიდგომების დანერგვა დღეს ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე  მულტილინგვური  განათლების კონტექსტში:

- ერთი მხრივ, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის დიდი გამოცდილება, რაც არსებობს საზღვარგარეთის ქვეყნებში ამ მიმართულებით (თეორიული ასპექტები); კონფერენციასა და პლენარულ სესიებზე მომხსენებლებად მოწვეულნი არიან დარგის აღიარებული სპეციალისტები ესტონეთიდან (ტარტუს უნივერსიტეტი); გერმანიიდან (ფრაიბურგის პედაგოგიური უნივერსიტეტი), ლიტვიდან (ვილნიუსის უნივერსიტეტი), ლატვიიდან (ლატვიის უნივერსიტეტი), ფინეთიდან (ჰელსინკის უნივერსიტეტი), რომლებიც წარმოადგენენ როგორც კონცეპტუალურ მიდგომებს, ასევე საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას.

- მეორე მხრივ, ქართველი  სპეციალისტები კონფერენციაზე სამსჯელოდ გამოიტანენ იმ ექსპერიმენტული პროექტებისა და აქტივობების ანგარიშებს, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებსა თუ რეგიონების (ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში) სკოლებში. 

 

კონფერენციის სამუშაო თემები:

  • მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა;
  • ინტერკულტურული განათლების ასპექტები;
  • მასწავლებელთა მომზადების მულტიკულტურული პროგრამები;
  • მეორე ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
  • ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება;
  • ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
  • ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
  • კლასის მართვა და ენის სწავლება;
  • ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები; სოციოკულტურული კომპეტენციის მნიშვნელობა და მისი დაუფლების სტრატეგიები და მეთოდები;

რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები